logo
ENG



წულუკიანი: ვაშაძის მიერ "ოცნების" კრიტიკა ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა ჯობს ქვეყნისთვის

15 დეკ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის მწვავე განცხადებები ქართული ოცნების მიმართ არა ვიწროპარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებით იყო ნაკარნახევი. 

ქართული ოცნების დეპუტატმა ენმ-ის უკვე ყოფილ წევრზე თქვა, რომ მიუხედავად ვაშაძის "მწვავე და პრინციპული პოზიციებისა, ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე ის რაღაცა, რაც იშვიათად დაუნახავს ოპოზიციის სხვა წევრებში". 

"იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით. ეს იყო ნაკარნახევი არა ვიწრო პარტიულით, არამედ იმით, რა ჯობს ქვეყნისთვის". - თქვა მან. 

რაც შეეხება ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას - წულუკიანმა ეს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილს დაუკავშირა. 

"მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს მე ცხელი კარტოფილი დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც, მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არა მხოლოდ მას. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას მიაქანებენ ჩიხისკენ, უფრო ცუდი სიტყვა რომ არ გამოვიყენო და მათ ყველანაირ წარმონაქმნს, იქნება ეს ევროპული საქართველო თუ სხვა, უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ". - თქვა თეა წულუკიანმა. 

გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 15 დეკემბერს გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე ადწერა, რომ არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების ერთოერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."

მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.


close დახურვა